„დუდელანჟისა“ და „ყარაბაღის“ მატჩი სომხების მიერ გაშვებული დრონის გამო შეჩერდა [ვიდეო] 

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „დუდელანჟისა“ და „ყარაბაღის“ მატჩი ლუქსემბურგში დროებით, პირველ ტაიმში შეწყდა, როდესაც აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 0:2 იგებდა.

მიზეზი ტრიბუნებიდან სომეხი გულშემატკივრების მიერ გაშვებული დრონი იყო, რომელზეც მთიანი ყარაბაღის დროშა ფრიალებდა.

დრონი მოედნის თავზე მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც აზერბაიჯანელებმა „დუდელანჟს“ მეორე გოლი გაუტანეს. ამან სტუმართა გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაში შეაჩერა და გუნდები მოედნიდან გაიყვანა. თამაში რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა, როდესაც დრონი მოედანს გაარიდეს.

აღნიშნული აქცია სომხურ ფანკლუბს (First Armenian Front /FAF) წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაზეც მათ ფეისბუქგვერდზე მატჩამდე გამოქვეყნებული პოსტი მეტყველებს:

FAF-მა და ჩვენმა ბიჭებმა ბელგიიდან მოამზადეს აქცია აზერბაიჯანის გუნდის, „ყარაბაღის“ თამაშზე. გირჩევთ, რომ შეხვედრას თვალი ადევნოთ“, – წერია ფანების გვერდზე.

საბოლოოდ, „დუდელანჟისა“ და „ყარაბაღის“ მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:4 დასრულდა და გუნდი „ა“ ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილზეა. საინტერესოა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „დუდელანჟი“ მას შემდეგ მოხვდა, როდესაც პლეიოფში ერევნის „არარატ-არმენია“ დაამარცხა.