დუდა სანაძე კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს #1TVSPORT
დუდა სანაძე კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს #1TVSPORT

დუდა სანაძე კარიერას კვიპროსულ „ანორთოსისში“ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ანორთოსისმა“ ქართველი უკანახაზელი გუნდში ამერიკელი ანდრე ვესონის მაგივრად მიიყვანა, რომელმაც ჩემპიონატის საწყის 4 ტურში მწვრთნელთა შტაბის იმედები ვერ გაამართლა.

სანაძეს მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების გარდა სხვაგან არ უთამაშია. ის ბოლოს სერბულ „ჩაჩაკში“ თამაშობდა და გუნდს გასული სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. დუდამ ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ისლანდიაში 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი – 14.

დუდა ეროვნული გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი „პრიმორსკას“ (სლოვენია), „პისტოიას“ (იტალია), „გიპუზკოას“ (ესპანეთი), „როსა რადომის“ (პოლონეთი), „ფუენლაბრადას“ (ესპანეთი), „ოლივეირენშესა“ (პორტუგალია) და „ალ ხორის“ (კატარი) რიგებშიც უთამაშია.

რაც შეეხება „ანორთოსისს“, ნიქოზიური გუნდი 4 ტურის შემდეგ ერთი მოგებით მე-8 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს, „ომონიას“ დაუპირისპირდება და ქართველი ახალწვეულის დებიუტს სწორედ ამ მატჩში უნდა ველოდოთ.