დუდა სანაძე - იმედი მაქვს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს
დუდა სანაძე - იმედი მაქვს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს

დუდა სანაძეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სჯერა და ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის კონკრეტული ანგარიშიც დაასახელა – ამის შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა.

„საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ ვითამაშე და ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა. ეს სულ სხვა დატვირთვა, ემოცია და განცდაა. პირველად რომ გავედით კალათბურთელები, საქართველოს უდიდესი სიხარული მოვუტანეთ, მაგრამ ფეხბურთს უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს და ეს უდიდესი წარმატება იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაკრები მზადაა, წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დუდა სანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შეხვედრებს მუდამ უყურებს: „სამწუხაროა, რომ მაყურებელს არ დაუშვებენ. ამის მიუხედავად, დღეს ყველა ამ მატჩს უყურებს. ფავორიტები ვართ, მაგრამ იგებს ის, ვინც ტაქტიკურად და ფიზიკურად უკეთ მომზადებული გამოვა. ბოლო ტურის შეხვედრებში ჩვენი ნაკრების წევრებმა კლუბებში ძალიან მოინდომეს და 6 გოლი გაიტანეს. ეს ბევრს ნიშნავს. ჩაკვეტაძის არყოფნა დიდი დანაკლისია. მაგრამ წინა ხაზში ბიჭები კარგ ფორმაში არიან და იმედი მაქვს, კარგად ითამაშებენ, ყველა თავის საქმეს გააკეთებს და საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანენ“.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის დღეს, 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

სრულად გადაცემა „ტაიმაუტი“ იხილეთ ბმულზე.