დუბაის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შეიცვალა #1TVSPORT
დუბაის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შეიცვალა #1TVSPORT

სამშაბათს, დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირში სტარტს იღებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში ის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო ტურნირი დატოვა.

ასე რომ, ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 66-ე ნომერია. მან დუბაიში კვალიფიკაცია ვერ გაიარა და ახლა, ძირითად ბადეში ე. წ. „ლაკი ლუზერის“ სტატუსით მოხვდა. შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილი და პოპირინი აქამდე ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს: 2018 წელს, ტუნისში გამართულ „ჩელენჯერში“ ქართველმა ორ სეტში მოუგო ავსტრალიელს – 7:5, 6:4.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ, ბასილაშვილმა გასულ კვირას წარმატებით ითამაშა დოჰას ტურნირში, სადაც ფინალამდე მიაღწია და იქ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა დოჰაში შარშან მოპოვებული ტიტული ვერ შეინარჩუნა, მან ორშაბათს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში სამი საფეხურით წინ წაიწია და TOP20-ში დაბრუნდა. დღეისთვის ქართველო მსოფლიოს მე-19 ნომერია.