„დუბაი ბასკეტმა“ ევროლიგის ახალი სეზონისთვის ძანან მუსა დაიმატა #1TVSPORT
„დუბაი ბასკეტმა“ ევროლიგის ახალი სეზონისთვის ძანან მუსა დაიმატა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის სადებიუტო სეზონისთვის „დუბაი ბასკეტმა“ მადრიდის „რეალიდან“ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ძანან მუსა დაიმატა.

„დუბაი ბასკეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის მუსამ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოსნიელმა კალათბურთელმა „რეალის“ რიგებში ბოლო სამი სეზონი გაატარა. პირველივე წელს იგი ევროლიგის სიმბოლურ პირველ ხუთეულში მოხვდა და გუნდთან ერთად ტურნირის გამარჯვებული გახდა.

„მზად ვარ, კარიერის ახალი თავი დავწერო. მაბედნიერებს ფაქტი, რომ მომეცა საშუალება, ადგილობრივი საკალათბურთო საზოგადოება გავაძლიერო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდის პროგრესში წვლილი შევიტანო“, – განაცხადა მუსამ.

ევროლიგაში კარიერის მანძილზე ძანან მუსა საშუალოდ 12.2 ქულას, 2.9 მოხსნასა და 2.0 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

„დუბაი ბასკეტი“ ევროლიგის მესვეურებმა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე ხუთი წლით მიიწვიეს. მომდევნო სეზონიდან ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.