„დრიფტის მეფე“ ვახო ხურციძე გახდა [ვიდეო]

ვახო ხურციძე „რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის (Red Bull Car Park Drift) ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენს. დაძაბულ ბრძოლაში მან ყველაზე მაღალი შეფასება, 341 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ალექსანდრე ხეროდინაშვილი და  ნოდარ კოდუა.

„რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“ დრიფტის ჩემპიონატია, რომელიც 11 აგვისტოს, 17:00 საათზე,  თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე გაიმართა. საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში, ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც „რედ ბულმა“ გაუწია ორგანიზება.

ვახო ხურციძე პირველ სექტემბერს, თურქეთში, „რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს შესარჩევში მონაწილეობა 35 დრიფტერმა მიიღო. მათგან 20 საუკეთესო 11 აგვისტოს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგა. „რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის მონაწილეები ქართველმა ავტომრბოლელებმა დათა ქაჯაიამ, ოთარ თავართქილაძემ, პროექტის წარმომადგენელმა იუსიფ ბაზილმა და Red Bull -ის უკრაინელმა ათლეტმა, ალექსანდრ გრინჩუკმა შეაფასეს.

„რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“ პირველად 2008 წელს ლიბანში ჩატარდა. ჩემპიონატი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტარდება.

მონაწილეობის წესები

„რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის საქართველოს შესარჩევში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ავტომოყვარულებსა და პროფესიონალ მრბოლელებს.

მონაწილე ქვეყნები

2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობენ დრიფტერები შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე, ქუვეითი, ომანი, მაროკო, მავრიტანია, არაბთა გაერთიანებული საამირო. წელს პირველად, მონაწილეთა სიას შეუერთდა საქართველოც.

„რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის გამარჯვებულის თურქეთში გამგზავრების ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია „რედ ბული“.

წლევანდელი ღონისძიება „რედ ბულის“ ათლეტმა, ავტომრბოლელმა აბდო ფეგალმა შეაფასა –

„ მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა „ვაუ” იმ შედეგის გამო, რაც  „რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის ჩატარების პირველივე წელს ვნახეთ, მაყურებელი, ხალხი, ავტომობილები, დრიფტერები – პირველი ცდისთვის, შესანიშნავი იყო. ვახომ კარგად იასპარეზა და დარწმუნებული ვარ, ის დიდი სიურპრიზი იქნება Red Bull Car Park Drift-ის ფინალისთვის, რომელიც პირველ სექტემბერს, თურქეთში გაიმართება. მოუთმენლად ველი მომავალ წელს. დარწმუნებული ვარ, ყველა იქნება უფრო მომზადებული- მანქანები იმუშავებს გიჟურად და დრიფტერებიც უკეთესად იასპარეზებენ, „რედ ბულ ქარ ფარქ დრიფტ“-ის გამო. დიდი მადლობა!“

დატოვე კომენტარი