„გოლდენ სტეიტმა“ „პორტლენდს“ სერია ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით, 4:0 მოუგო და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „ბლეიზერსის“ ბარიერი სტივ კერის გუნდმა კევინ დურანტის გარეშე დაძლია და სწორედ ამ მიზეზით, ამერიკულ მედიაში აქტიურად დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა „ვორიორზს“ დურანტი.
კევინმა წვივის ტრავმა „ჰიუსტონთან“ სერიის მეხუთე მატჩში მიიღო და ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის. მის გარეშე კი „ვორიორზმა“ ყველა – ექვსივე შეხვედრა მოიგო. ერთ-ერთ ინტერვიუში „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელ დრეიმონდ გრინს „ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტმა ნიკ ფრიდელმა სწორედ დურანტთან დაკავშირებით ჰკითხა.
„ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, გვჭირდება თუ არა კევინის დახმარება. დიახ, ჩვენ დურანტის მოსვლამდე ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, რომლის დამარცხება საოცრად რთული იყო. მე მიმაჩნია, რომ როდესაც კევინი მოვიდა „ვორიორზში“, მაშინ ჩვენ დაუმარცხებლები გავხდით. როდესაც დემარკუს ქაზენსი მოვიდა, ამან ჩვენს მეტოქეებს კიდევ უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა. ასე რომ დიახ, ჩვენ ეს კალათბურთელები გვჭირდება. სუპერფინალური სერია ბევრად რთული იქნება“, – განაცხადა გრინმა.