დრამატული მატჩი ივანწმინდაში და გამარჯვება ბოლო წამზე
დრამატული მატჩი ივანწმინდაში და გამარჯვება ბოლო წამზე

საჩხერის „ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ივანწმინდას სტადიონზე „რუსთავს“ უმასპინძლა და დაძაბულ, სანახაობრივ შეხვედრაში მეტოქე ბოლო წამზე დაამარცხა.

 

მატჩი საჩხერელებისთვის კარგად დაიწყო. მე-4 წუთზე ანგარიში ლაშა ჩიკვაიძემ გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. თუმცა, რუსთაველებმა ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს აჯობეს: 27-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გასახდელში შესვლამდე, 45-ე წუთზე, ლუკა სილაგაძემ „რუსთავი“ დააწინაურა 1:2.

 

საჩხერელებმა მდგომარეობა მეორე ტაიმში მაინც გამოასწორეს. მასპინძლებმა წონასწორობა 49-ე წუთზე აღადგინეს – რუსთაველთა კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე (90+5) წუთზე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რამაც რუსთაველთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ მან გადაწყვეტილება არ შეცვალა, გიორგი კორიფაძემ კი პენალტი უნაკლოდ შეასრულა და „ჩიხურას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 3:2.

 

31 – ე ტურის შემდეგ „ჩიხურამ“ 38 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზე დაწინაურდა და გორის „დილა“ (37) და „რუსთავი“ (34 ქულა) უკან ჩამოიტოვა.

დატოვე კომენტარი