დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

გამოცემა Globo-ს ინფორმაციით, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი გახდება.

61 წლის სპეციალისტი ბოლოს „სან პაოლოს“ წვრთნიდა და კლუბი ოფიციალურად გუშინ, 7 იანვარს დატოვა. მისი კონტრაქტი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება გათვლილი.

გასულ კვირას ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფერნანდო დინიზი ტოვებდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს.

დორივალ ჟუნიორი 2022 წელს „ფლამენგოს“ წვრთნიდა, მან გუნდს ბრაზილიის თასი და კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა, შემდეგ კი „სან პაოლო“ ჩაიბარა.

სხვადასხვა დროს დორივალი „ატლეტიკო მინეიროში“, „ატლეტიკო პარანაენსეში“, „ინტერნასიონალში“, „ვასკო და გამაში“, „ფლუმინენსესა“ და „პალმეირასში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იტალიელ კარლო ანჩელოტის განიხილავდნენ, თუმცა 64 წლის სპეციალისტმა მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.