დონტე დივინჩენცო - ფიზიკური პრობლემის გამო იტალიის ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები #1TVSPORT
„მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელმა, დონტე დივინჩენცომ განმარტა, რატომ ვერ დაეხმარება იტალიის ეროვნულ ნაკრებს 2025 წლის ევრობასკეტზე.
„მსურს, გამოვხატო ჩემი ბედნიერება, მადლიერება და აღტაცება, რომ საბოლოოდ იტალიის მოქალაქე გავხდი. მადლობას ვუხდი ფედერაციას და იტალიის სახელმწიფო დაწესებულებებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რეკორდულად მოკლე დროში მოხერხდა. სამწუხაროდ, ფიზიკური პრობლემის გამო ამ ზაფხულს ეროვნულ ნაკრებს ვერ შევუერთდები.
ეს პრობლემები ბოლო დღეებში იძულებულს მხდიდა, მიმეღო ასეთი რთული გადაწყვეტილება, თუმცა ჩემი მიზანი უცვლელია – ის დაკავშირებულია იტალიური კალათბურთის მომავალთან, მსოფლიოს ჩემპიონატთან და ოლიმპიურ თამაშებთან, თანაც დიდი ხნის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ერთგულება და გუნდს წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა დივინჩენცომ.
28 წლის კალათბურთელს იტალიის მოქალაქეობა 14 ივლისს მიანიჭეს და, თავდაპირველი ინფორმაციით, ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას შეძლებდა, თუმცა როგორც გუნდის ხელმძღვანელი ჯიჯი დატომე ამბობს, დივინჩენცოს რეაბილიტაციის პროცესს რამდენიმე კვირა სჭირდება. მან ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში გუნდს „ვალენსია ბასკეტის“ მცველი დარიუს ტომპსონი შეუერთდება.
დონტე დივინჩენცოს NBA-ში თამაშის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. გასულ სეზონში „მინესოტას“ რიგებში მან 62 მატჩი ჩაატარა, ხოლო საშუალოდ 11.7 ქულას, 3.7 მოხსნასა და 3.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე იქნება. გუნდებს შორის ჯგუფური ეტაპის მატჩი 30 აგვისტოს ჩატარდება.