დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა - მან 34-ე ნომერი აირჩია აბდელჰაკ ნურის პატივსაცემად
დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა - მან 34-ე ნომერი აირჩია აბდელჰაკ ნურის პატივსაცემად

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „აიაქსიდან“ ნახევარმცველ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერის შესახებ.

23 წლის ნიდერლანდელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამასთან, შესაძლებელია ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელება. ტრანსფერის თანხამ 45 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ნახევარმცველის ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში ექვსი მილიონი ევრო იქნება.

მივიღე დაუჯერებელი შესაძლებლობა – გადავიდე ასეთი საოცარი ისტორიის მქონე გუნდში. მზად ვარ გადავდგა მომდევნო ნაბიჯი კარიერაში და ვითამაშო უმაღლეს დონეზე. ვიცი ოლდ ტრაფორდზე ბრწყინვალე ატმოსფეროს შესახებ და მოუთმენლად ველოდები ამის შეგრძნებას, როგორც კი მაყურებლები მოედანზე დაბრუნებიან, – განაცხადა ვან დე ბეეკმა.

ნიდერლანდელი ახალ სათამაშო ნომერზეც ჩამოყალიბდა. ის „აიაქსში“ მეექვსე ნომრით თამაშობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ციფრი „იუნაიტედში“ პოლ პოგბას ეკუთვნის, ვან დე ბეეკმა აირჩია 34-ე ნომერი. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ამ ნომრით „აიაქსში“ თამაშობდა აბდელჰაკ ნური, რომლის კარიერა 20 წლის ასაკში შეწყდა, როცა ფეხბურთელმა გულის შეტევა გადაიტანა და ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს.