დონჩიჩის წაუგებელი სერია გრძელდება - სლოვენიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT
დონჩიჩის წაუგებელი სერია გრძელდება - სლოვენიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა, სადაც C ჯგუფიდან მესამე და პირველ ადგილზე გამსვლელების ვინაობა წყდებოდა.

პირველ მატჩში არგენტინა იაპონიას დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა. არგენტინელებმა დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება პირველივე მეოთხედში მოახერხეს და საბოლოო ჯამში, ბოლომდე შეინარჩუნეს.

ამ შეხვედრაში საუკეთესო ვეტერანი, 41 წლის კალათბურთელი, ლუის სკოლა იყო 23 ქულითა და 10 მოხსნით. ორმაგი დუბლი გაიფორმა ასევე ფაკუნდო კამპაცომ, რომელმაც 17 ქულა და 11 პასი დააგროვა. იაპონელებიდან გამორჩეული იყო იუდაი ბაბა 18 ქულით. 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა რუი ჰაჩიმურას.

ამ მოგებით არგენტინის ნაკრები C ჯგუფიდან საუკეტესო მესამე ადგილით გავიდა.

მეორე შეხვედრა ჯგუფის ლიდერებს შორის გაიმართა. სლოვენია ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში 8 ქულით დაამარცხა.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, აქ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე არ იყო გადაწყვეტილი. ესპანეთი დიდ შესვენებამდე სამქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ სლოვენიელებმა მეორე ტაიმი უნაკლოდ ჩაატარეს და საბოლოო ჯამში, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ლუკა დონჩიჩისთვის სლოვენიის ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩებში ეს ზედიზედ მე-16 გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, რომ „დალას მავერიქსის“ ახალგაზრდა კალათბურთელს თავისი ნაკრების მაისურით ჯერ არ წაუგია. დონჩიჩს ამ მატჩში სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 14 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაა. მატჩში საუკეთესო ვლატკო ჩანჩარი იყო 22 ქულით. ესპანელთაგან კი საუკეთესო რიკი რუბიო იყო 18 ქულითა და 9 პასით.

მეოთხედფინალების წილისყრა დღეს გაიმართება.