დონალდ ტუსკი - ევროპარლამენტის არჩევნების დროს ბრექსიტმა ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ ვაქცინის როლი შეასრულა
დონალდ ტუსკი - ევროპარლამენტის არჩევნების დროს ბრექსიტმა ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ ვაქცინის როლი შეასრულა

ევროპარლამენტის არჩევნების დროს ბრექსიტმა ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ ვაქცინის როლი შეასრულა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეჭვი არ მეპარება, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მისცა ხმა ამ კონტინენტის მოსახლეობამ პროევროპულ უმრავლესობას, ბრექსიტია. ევროპელებმა დაინახეს, რას ნიშნავს ბრექსიტი პრაქტიკაში და შესაბამისი დასკვნები გააკეთეს. ბრექსიტი იყო ვაქცინა ანტიევროპული პროპაგანდისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერების განსახილველი მთავარი თემა ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა განაცხადა, ევროკავშირი ავტომატურად არ მიიღებს ევროპარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პირადი ამბიციაა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობების ნახევარი მაინც ქალებმა დაიკავონ.

„ჩვენი ინსტიტუტების ახალ ლიდერებს შორის რეალური გენდერული ბალანსის მიღწევა არა მხოლოდ ჩემი სწრაფვაა. გენდერული ბალანსი ნიშნავს სულ მცირე ორ ქალს. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ეს ჩემი გეგმა და პერსონალური ამბიციაა“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, ევროკავშირში უნდა შეიცვალონ ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი.