დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერისგან ბრექსიტის გადადების შესახებ წერილს ელოდება
დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერისგან ბრექსიტის გადადების შესახებ წერილს ელოდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, ბორის ჯონსონისგან ბრექსიტის გადადების შესახებ წერილს ელოდება. დონალდ ტუსკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე ბორის ჯონსონს ესაუბრა.

ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის ახალ გეგმაზე კენჭისყრა გადაიდო. დეპუტატებმა მთავრობის ინიციატივაზე შესწორება დაამტკიცეს, რომლის მიხედვით ევროკავშირთან შეთანხმება დეპუტატების მიერ იქამდე არ იქნება დამტკიცებული, ვიდრე თემთა პალატა ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელ ყველა კანონს არ დაამტკიცებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მან ბორის ჯონსონს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად სწრაფად დააზუსტოს ბრექსიტთან დაკავშირებული პოზიცია.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ 19 ოქტომბერს ლონდონში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ერთმა მილიონმა ადამიანმა მიიღო.