დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს წითელაზე, ყბაყურასა და წითურაზე ვაქცინაცია ცალ-ცალკე ჩაუტარდებათ

00:13, 11.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს წითელაზე, ყბაყურასა და წითურაზე ვაქცინაცია ცალ-ცალკე, შუალედის დაცვით ჩაუტარდებათ.

თეთრი სახლის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ახალშობილთა ვაქცინაცია სამ ეტაპად დაიყოფა და თითოეულ აცრას ბავშვებს ექიმთან ყოველი შემდგომი ვიზიტისას გაუკეთებენ. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს ვაქცინის გაუმჯობესებისთვის კვლევის ჩატარება დაავალა.

პრეზიდენტის ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ „შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად, ყველა ბავშვის იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ცალკე სამედიცინო ვიზიტებზე“.

მედიის ცნობით, ცვლილების თანახმად, აშშ-ში ყველა ბავშვისთვის სტანდარტულად რეკომენდებული 17 ვაქცინიდან მხოლოდ ექვსს ექნება სრული რეკომენდაციები: წითელა, ყბაყურა, წითურა (MMR), დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (DTaP), პოლიომიელიტი, Hib, პნევმოკოკური დაავადება, HPV და ჩუტყვავილა.

ექსპერტების შეფასებით, ეს ფინანსურ და ლოგისტიკურ ტვირთს შეუქმნის ოჯახებს და სამედიცინო პროვაიდერებს რამდენიმე დამატებითი ვიზიტის გამო.

ცნობისთვის, აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აცრა სავალდებულოა, ხოლო დონალდ ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ შტატებმა, უმჯობესია, გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

წარსულში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახალშობილების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, აუტიზმს იწვევს.

მსგავსი