დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწე ჯად დირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს, რათა სახლში მყოფ ამერიკელებზე იზრუნოს და მხარდაჭერა შესთავაზოს სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის 200 აპარატი გადაეცა რუსეთს“, – წერს დირი „ტვიტერის“ გვერდზე.

დირის განცხადებით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეიარაღების კონტროლის ეფექტური სისტემის არსებობს საჭიროებას.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კორონავირუსზე და მსოფლიო ეკონომიკაზე, ასევე დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ ისაუბრეს.

მანამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პუტინს გააცნო დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერების მოწვევის ინიციატივა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს ენერგეტიკის, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობისა და პანდემიასთან ბრძოლის თემაზე.