დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ჰანოიში შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ჰანოიში შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჰანოიში შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებაში.

როგორც თეთრი სახლი იტყობინება, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მომავალში შეხვედრას კვლავ გეგმავენ. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ ჰანოიში გამართულ მოლაპარაკებებს „კარგი და კონსტრუქციული“ უწოდა.

სარა სანდერსის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის სხვადასხვა გზა და ეკონომიკური საკითხები.

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებების მეორე დღე ვადაზე ადრე დასრულდა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, მოსალოდნელი იყო, რომ ჰანოიში აშშ-ჩრდილოეთ კორეის ორდღიანი სამიტი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიით დასრულდებოდა, თუმცა დონალდ ტრამპი ვიეტნამს დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დატოვებს.