დონალდ ტრამპმა და ენდი ბერნემმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

23:23, 07.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერებმა არაერთ საკითხზე, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„ეკონომიკაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აშშ-ში დასაქმების უახლესი მაჩვენებლები მიულოცა და აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში ზრდის დადებითი ნიშნები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას პოზიტიური პროგნოზები აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ლიდერებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება, რათა ომში ადამიანური დანაკარგები შეჩერდეს.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბერნემმა კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის მონაწილეობა დადებითად შეაფასა.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრამპმა და ბერნემმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს საკუთარ სურვილს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ. ამასთან, ლიდერები თანხმდებიან, რომ არ დაუშვებენ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

მსგავსი