დონალდ ტრამპი – ზელენსკის ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა, ვფიქრობ, დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს
ზელენსკის ჩემი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა, დიდი ხნის წინ ბევრად უკეთეს შეთანხმებას მიაღწევდა და მის მხარეს მილიონი ადამიანი ცოცხალი ეყოლებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რას უპასუხებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ისტორიის არასწორ მხარეს დგას.
„ზელენსკიმ ეს თქვა? ზელენსკიმ არ იცის, რაზე ლაპარაკობს. მას ეს ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. ჩემი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა, დიდი ხნის წინ ბევრად უკეთეს შეთანხმებას მიაღწევდა და მის მხარეს მილიონი ადამიანი ცოცხალი ეყოლებოდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს, რადგან რა მივიღეთ? ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ მილიონი ადამიანი დაიღუპა, უზარმაზარი რაოდენობის ხალხი. უკრაინა მამაკაცებს კარგავს. ზელენსკის ამ ომის დასრულება დიდი ხნის წინ შეეძლო, ჩემი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა. გახსოვთ ოვალური კაბინეტის შეხვედრა? მას ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. შესაძლოა, დროა, ზელენსკიმ მოლაპარაკებების წარმოება სხვას მიანდოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, უზიარებს თუ არა აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ“.