დონალდ ტრამპი - ყველაფერი როდესაც დალაგდება, ვაპირებ შეხვედრას ჩინეთთან და რუსეთთან, მინდა, ვუთხრა, მოდით, გავანახევროთ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებისთვის მზადაა.
„რაღაც მომენტში, როდესაც ყველაფერი დალაგდება, მე ვაპირებ შეხვედრას ჩინეთთან და ვაპირებ შეხვედრას რუსეთთან, განსაკუთრებით ამ ორთან. მინდა, ვუთხრა: „მოდით, გავანახევროთ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი“ და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს შეხვედრა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია მოხდება.
„როდესაც ყველაფერი გამოსწორდება, რაც, ვიმედოვნებ, მოხდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, პირველი შეხვედრა, რომლის გამართვაც მსურს, არის შეხვედრა ჩინეთთან და შეხვედრა რუსეთთან, კერძოდ, ბირთვულ იარაღზე მუშაობის შენელების, შემცირებისა და შეჩერების თაობაზე. ასევე იმის თაობაზე, რომ არ უნდა დავხარჯოთ ამ რაოდენობის ფული, რომელსაც ჩვენ, ყველანი ვხარჯავთ იარაღზე, ზოგადად სამხედრო იარაღზე“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს საუბრები შეიძლება შედგეს როგორც პირისპირ, ასევე სამმხრივი შეხვედრის სახით.
კითხვაზე, გაემგზავრება თუ არა ჩინეთში ამ შეხვედრისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად შედგება ეს შეხვედრა.
„მე ამას ვამბობ – პუტინს, პრეზიდენტ სის, ყველას ვეუბნები: არ შევწუხდები, გესმით? მე მზად ვარ, ვთქვა: „პირველი მე ჩავალ“. მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი, ასე რომ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.