დონალდ ტრამპი - წუხელ ნიუ იორკში სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ ამას მივხედავთ
დონალდ ტრამპი - წუხელ ნიუ იორკში სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ ამას მივხედავთ

წუხელ ნიუ იორკში სუვერენიტეტის მცირე ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ ამას მივხედავთ, ნუ ღელავთ ამაზე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზოჰრან მამდანის ნიუ იორკის მერად არჩევას.

„თუ გსურთ, ნახოთ, რა სურთ კონგრესის დემოკრატებს ამერიკისთვის, უბრალოდ შეხედეთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს ნიუ იორკში, სადაც მათმა პარტიამ კომუნისტი დანიშნა ქვეყნის უდიდესი ქალაქის მერად. გახსოვთ, მე ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში არასდროს გვეყოლება სოციალისტი არცერთ თანამდებობაზე? ამას ვამბობდი და მართალიც ვიყავი. ჩვენ გამოვტოვეთ სოციალისტები და კომუნისტი დავნიშნეთ. ეს არც ისე კარგად გამოვიდა. გუშინდელი შედეგების შემდეგ ყველა ამერიკელის წინაშე არსებული არჩევანი ძალიან ნათელია – ჩვენ გვაქვს არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის. თუ ათასი წლით უკან გაიხედავთ, ამან არ იმუშავა. რომ ემუშავა, ჩვენ მას გამოვიყენებდით. ჩვენი ოპონენტები ეკონომიკურ კოშმარს გვთავაზობენ. ჩვენ ეკონომიკურ სასწაულს ვახორციელებთ. ისინი ამერიკას ბოლო ადგილზე აყენებენ, ჩვენ კი – პირველზე. ვიდრე მე თეთრ სახლში ვარ, შეერთებული შტატები არცერთ შემთხვევაში არ გადაიქცევა კომუნისტურად. ჩვენ შევაჩერებთ, შევაჩერებთ ამ სისულელეს. ახლა დემოკრატები იმდენად ექსტრემისტები არიან, რომ მაიამი მალე ნიუ იორკში კომუნიზმისგან გაქცეულთა თავშესაფარი გახდება“, – განაცხადა ტრამპმა მაიამიში, აშშ-ის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სურს, რომ ნიუ იორკი მამდანის გამარჯვების შემდეგ წარმატებული იყოს.

„იმედი მაქვს, რომ ნიუ იორკისთვის ყველაფერი გამოვა. მე მიყვარს ნიუ იორკი. შესაძლოა, ჩვენ მას ცოტათი დავეხმაროთ, შესაძლოა“, – განაცხადა ტრამპმა.