დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შემიძლია, ტაილანდი და კამბოჯა დავარწმუნო, ბრძოლა შეწყვიტონ, რვა ომი მოვაგვარე, დროდადრო ერთი ისევ აალდება და ეს პატარა ალი უნდა ჩავაქრო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტაილანდსა და კამბოჯასთან, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავს.
ტრამპის თქმით, ტაილანდი-კამბოჯის კონფლიქტი რვა ომიდან ერთ-ერთია, რომელიც მან დაასრულა და მის მოგვარებას ამჯერადაც შეძლებს.
„ვფიქრობ, მომიწევს ტელეფონით დარეკვა. ვაპირებდი, მეთქვა, რომ ტაილანდი და კამბოჯა რვიდან ერთ-ერთია, რომელიც მოვაგვარე, ისინი დიდხანს იბრძოდნენ. მრავალი, მრავალი, მრავალი ათწლეული. მაგრამ მე ორივეს კარგად ვუგებ. აღმოვაჩინე, რომ ეს ორი შესანიშნავი ლიდერია და ერთხელ უკვე მოვაგვარე. ვფიქრობ, ამას საკმაოდ სწრაფად შევძლებ. ვფიქრობ, ხვალ დავგეგმავთ სატელეფონო ზარს ტაილანდთან. ვფიქრობ, შემიძლია, ისინი დავარწმუნო, რომ ბრძოლა შეწყვიტონ. კიდევ ვის შეუძლია ამის გაკეთება? დაფიქრდით. რვა ომი მოვაგვარე. დროდადრო ერთი ისევ აალდება. და ეს პატარა ალი უნდა ჩავაქრო, მაგრამ ისევ ჩავაქრობთ. ასე რომ, ვფიქრობ, ხვალ მათთან საუბარს დავგეგმავ და ვნახავ, შემიძლია თუ არა ამის გაკეთება. სამწუხაროა, რაც მოხდა, ვგულისხმობ, ზუსტად ვიცი, რაც მოხდა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.