დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს გამოსავლის მოძებნა, ორი მსურველი მხარე გვყავს ამ ომის დასასრულებლად და ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოსავლის პოვნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც სურს. ამის შესახებ ტრამპმა უკრაინელ კოლეგასა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს გამოსავლის მოძებნა და ვნახავთ ამას გარკვეულ პერიოდში, არც ისე შორს, ერთ ან ორ კვირაში. ჩვენ გავიგებთ, მოვაგვარებთ თუ არა, თუ ეს საშინელი ბრძოლა გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავასრულოთ ეს. ორი მსურველი მხარე გვყავს ამ ომის დასასრულებლად და ეს კარგი ამბავია. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. შეიძლება, ვერ მოხერხდეს. მეორე მხრივ, შესაძლებელია, მოხერხდეს და ჩვენ ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენთ კვირაში. ამიტომ ეს არის რაღაც, რაც ნამდვილად უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ტრამპმა.
თეთრ სახლში, გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.