დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთი გაერთიანდა, გვჯერა, ღაზა გაცილებით უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება, დარწმუნებული ვარ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იქნება
ეს ღაზაზე მეტია, ეს არის მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, წარმოუდგენელი რამ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს, მან დამირეკა. მითხრა: „ვერ ვიჯერებ. ახლა ყველას მოვწონვარ“, მე ვუთხარი: „რაც მთავარია, მათ კვლავ უყვართ ისრაელი“ და მათ მართლაც უყვართ. მე ვუთხარი: „ისრაელს არ შეუძლია მთელ მსოფლიოსთან ბრძოლა, ბიბი“. და ის ამას ძალიან კარგად ხვდება. საოცარია ის, როგორც ეს ყველაფერი მოხდა. ეს უბრალოდ გარემოებების ერთობლიობა იყო, მაგალითად, ირანის ბირთვული პოტენციალის, ბირთვული ენერგიის განადგურება. იმდენი განსხვავებული რამ მოხდა, რაც ძალიან საოცარი იყო. გეტყვით, რომ დიდი ნიჭია ჩართული. მაგრამ გარკვეული ხარისხით იღბალიც იყო. იცით, იღბალიც გჭირდებათ. არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა იღბალი“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის წევრებმა ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
„ყველამ, სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა, მარკო რუბიომ და ყველამ ერთად, ჯეი დი ვენსმა, მთელი ჯგუფი უბრალოდ საოცარი იყო. სამხედროები კი, როგორც იცით, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამის მიღწევაში. მთელი მსოფლიო გაერთიანდა, მსოფლიო გაერთიანდა ამ შეთანხმების გარშემო და ეს არის ის, რაზეც ვიტყოდი, რომ ამის გარეშე ეს არ მოხდებოდა. იმდენმა ქვეყანამ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გაქვთ, გამოხატა თავისი საუკეთესო სურვილები და ვალდებულება, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ღაზაში მყოფ მძევლებს სავარაუდოდ ორშაბათს გაათავისუფლებენ.
„ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ვფიქრობთ, რომ ისინი, ყველა, ორშაბათს დაბრუნდებიან. ეს მოიცავს დაღუპულთა ცხედრებსაც“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველი ფაზის შემდეგ, ღაზა „აღდგება“.
„თქვენ ნახავთ, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ღაზა აღდგება. ეს სხვა სამყარო იქნება. ვფიქრობ, სინამდვილეში, ახლო აღმოსავლეთი გაერთიანდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღაზა გაცილებით უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება და ეს იქნება ადგილი, რომელიც აღდგება და ამ რეგიონში მყოფი სხვა ქვეყნები დაეხმარებიან მას აღმშენებლობაში, რადგან მათ უზარმაზარი სიმდიდრე აქვთ და სურთ, რომ ეს მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტარიფები მას სამშვიდობო შეთანხმებების დადებაში ეხმარება.
„ტარიფებმა მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა, გეუბნებით. მათ მსოფლიოს მშვიდობა მოუტანეს“, – განაცხადა ტრამპმა.