დონალდ ტრამპი - ვემზადებით დიდი ზეიმისთვის, მადლობა ამერიკელ ხალხს წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის
დონალდ ტრამპი - ვემზადებით დიდი ზეიმისთვის, მადლობა ამერიკელ ხალხს წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის

ჩვენ ვემზადებით დიდი ზეიმისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგები ფენომენურია და ეს არის დიდი წარმატება. მან ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა დღეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ადამიანების ჯგუფი ცდილობს, მის მხარდამჭერებს სამოქალაქო უფლებები წაართვას.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან არჩევნები მოიგო პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში.

„ამ ქვეყნის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა გამოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა“, – განაცხადა ტრამპმა.

არსებული მონაცემებით, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის მეტი ხმა აქვს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა ჯერ არ არის გათვალისწინებული ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებში ჩატარებული არჩევნების შედეგები. აღნიშნულ შტატებს შორის არის ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი, უისკონსინი და ჩრდილოეთ კაროლინა, სადაც წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. თუ ამ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებს, ის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს.