დონალდ ტრამპი - UFC თეთრ სახლში 8-9 საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს #1TVSPORT
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად 2026 წლის ივნისში დაგეგმილი UFC-ს ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
ტრამპის თქმით, მომავალ წელს თეთრი სახლის ტერიტორიაზე ორგანიზაციის 8-9 საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდება.
„UFC თეთრ სახლში 8-9 საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც კი ჰქონიათ. დანა უაითი შეგნებულად აჭიანურებს ორთაბრძოლების დანიშვნას, რათა შეხვედრები თეთრ სახლში გაიმართოს“, – განაცხადა ტრამპმა.
UFC-ს ღონისძინება თეთრი სახლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2026 წლის 14 ივნისს ჩატარდება. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის სურვილი შერეული ორთაბრძოლების ისეთმა ვარსკვლავებმა გამოთქვეს, როგორებიც კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი არიან.
ამჟამად ორგანიზაციაში 11 დივიზიონია (8 მამაკაცთა შორის, 3 ქალთა შორის). მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამარს ქართველი ილია თოფურია ფლობს.