დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს
დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ვულოცავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომლებიც შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე, რომელიც ძალაშია შუაღამიდან. ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით, მდივან პომპეოთი და სტივ ბიგუნით, ამ შეთანხმების მიღწევისთვის“, – ამბობს ტრამპი.

ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებითად შეაფასა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმაც.

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადებით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.