დონალდ ტრამპი საუდის არაბეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან ითხოვს, შეამცირონ ნავთობის ფასი, რაც, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს დაუყოვნებლივ დაასრულებს
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან ითხოვს, შეამცირონ ნავთობის ფასი, რაც, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს დაუყოვნებლივ დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან (OPEC) ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რაც, მისი აზრით, დაუყოვნებლივ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს.

„მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, შეამცირონ ნავთობის ღირებულება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიკვირს, რომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ფასი რომ დაწეულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დამთავრდებოდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთი აშშ-ში, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

„მე პირადად მოვითხოვ სამეფოს მემკვიდრე პრინცისგან, გაზარდოს ეს თანხა ერთ ტრილიონ დოლარამდე. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ჩვენ კარგები ვიყავით მათთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.