დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით, მან ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო
დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით, მან ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების რჩევით, დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს გაატარებს.

„კოვიდ 19“-ით დაინფიცირების შემდეგ, დონალდ ტრამპი თავს დაღლილად გრძნობს, თუმცა კარგ განწყობაზეა და ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა.

„მას აფასებს ექსპერტთა გუნდი და ჩვენ ერთად მივცემთ რეკომენდაციებს პრეზიდენტსა და პირველ ლედის შემდეგი უკეთესი ნაბიჯების შესახებ“, – თქვა ტრამპის ექიმმა.

ექიმის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო „რეგენერონ ფარმაცევტიკალის“ ანტისხეულების კოქტეილის ერთჯერადი, რვაგრამიანი დოზა. ის კვლევის ეტაპზეა, მაგრამ „კოვიდ-19“-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა. ტრამპი ასევე იღებს თუთიას, „დე“ ვიტამინს, ფამოტიდინს, მელატონინსა და ასპირინს.

შონ კონლიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ამჟამად აქვს „მსუბუქი ხველა და თავის ტკივილი“, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები კარგად არიან და კორონავირუსზე ნეგატიურად შედეგი აქვთ ნაჩვენები.