დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს
დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფრანგულ ღვინოზე 100-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს, თუ პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებულ ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.

დონალდ ტრამპის თქმით, მან გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირადად გადასცა.

„მე ვთხოვე, რომ ამერიკული კომპანიებისთვის გადასახადი არ დაეკისრებინა. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მე სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან შემოტანილ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100-პროცენტიანი ტარიფი დავაწესო. მას (მაკრონს) მხოლოდ გადასახადის გაუქმება სჭირდება და მასზე ასეთი ზეწოლა არ განხორციელდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მედიას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მუქარას არ დაემორჩილება და საფრანგეთის სამართლის საკითხებს აშშ არ წყვეტს.

„ეს ციფრული გადასახადი ევროპელებმა დააწესეს, რამდენიმე ქვეყანამ დანერგა – ეს ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია. აშშ არ წყვეტს არც ევროპელების, არც ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ტარიფები არავის არგებს.

„ტარიფები არავის არგებს, განსაკუთრებით კი დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, საფრანგეთი 2019 წლიდან იღებს სამპროცენტიან გადასახადს ციფრული სერვისების შემოსავალზე. ეს ეხება კომპანიებს, რომელთა გლობალური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება, საფრანგეთში კი 25 მილიონ ევროს.