დონალდ ტრამპი – რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას არ ვაპირებ, თუმცა თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შუა პროცესში შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია.
„როდესაც შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ასე არ გამოდიხარ, ვისთანაც მოლაპარაკებებს მართავ. საქმე უკრაინასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ეხება. ირანის საკითხზეც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რადგან ისინი ამ მიმართულებით ძალიან კარგად იქცევიან. ასევე, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მძევლებთან და დიზელთან დაკავშირებით. ეს ჩემი საქმეა. როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, ასე არ იქცევი“, – განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების კრიტიკის საპასუხოდ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობას მისი სჯერა და მოლაპარაკებების პროცესში მის გადაწყვეტილებებს ენდობა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა გარანტია მისცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს, მიაღწიოს მძევლის გათავისუფლებას, რომლის დაბრუნებასაც აშშ დიდი ხანია, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტობამდე, ცდილობს.
ტრამპის განცხადებით, ირანის საკითხთან დაკავშირებითაც დადებითი ვითარებაა, რადგან რუსეთი ირანს არ ეხმარება.
„ირანს ძალიან ძლიერად ვუტევთ, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთს იქ არაფერი გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ფაქტორია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზეც მიმდინარეობს და ის პროცესის ნაადრევად შეწყვეტას არ აპირებს.
„არ ვაპირებ მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას. თუმცა ამის გაკეთების უფლება ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მაქვს. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციების შეჩერებით პუტინს ხომ არ უჭერს მხარს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.
„მე მხარს ვუჭერ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამას ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ზელენსკი ვითარებას დიდად არ უწყობს ხელს. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინელი ქალის განცხადებაზე, რომელშიც, მისი თქმით, ქალი ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინელი მამაკაცების დაღუპვაში. ტრამპის განცხადებით, ქალი ამბობდა, რომ უკრაინელი მამაკაცები იღუპებიან, ბევრი მათგანი ფეხებს კარგავს, ზოგი კი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ამ ქალის დაპატიმრება სურთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უზიარებს თუ არა აშშ უკრაინას ინფორმაციას რუსეთის თავდასხმების შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის და უკრაინის დასახმარებლად დიდი რესურსი აქვს გაღებული.
„დიახ, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. ძალიან ბევრს ვაწვდით. იცით, რა? უკრაინას ბევრი რამ მივეცით, მათ კი ჩვენთვის არაფერი მოუციათ“, – განაცხადა ტრამპმა.