დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი შეინიშნება

01:33, 07.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.

„შეხედეთ, ჩვენ ამაში პირდაპირ არ ვართ ჩართული, რადგან ოკეანე გვყოფს, მაგრამ არ მომწონს იმის ყურება, რომ თვეში 25 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. სწორედ ეს ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. ისინი თვეში საშუალოდ 25 000 ადამიანს კარგავენ, ძირითადად, ჯარისკაცებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მუშაობს ომის დასრულების მიმართულებით და გარკვეულ წინსვლას ხედავს.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ პროგრესს ვაღწევთ. მაგრამ ეს არის ძალადობრივი, ძალიან ძალადობრივი ომი. ამ ომში ბევრი სიძულვილია, დიდი სიძულვილია ორ ლიდერს შორის. მე რვა ომი მოვაგვარე. ვფიქრობდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა, თუმცა პროგრესი მიღწეულია“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის „პეტრიოტების“ მიწოდებას, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანას საკუთარი მარაგების შევსებაც სჭირდება.

„ჩვენც გვინდა რაკეტები. იცით, ბაიდენმა მას ძალიან ბევრი მისცა – ბაიდენმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა მისცა. როცა მე წავედი, ჩვენი მარაგები სავსე იყო, მან კი მათი დიდი ნაწილი გასცა. ახლა ჩვენ მათ აღვადგენთ და ვიყენებთ ძალიან ძლიერ და კარგ საბრძოლო მასალას, თუმცა ადრე, შესაძლოა, სხვა რამ გამოგვეყენებინა. ესენი ცოტა უფრო ძველი ტიპისაა, მაგრამ თანაბრად ეფექტურია. ჩვენ ასეთი შეიარაღება ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გვაქვს საბრძოლო მასალის მარაგები და თუ ოდესმე დაგვჭირდება, მათ გამოვიყენებთ. ჩვენ მარაგები მთელ მსოფლიოში გვაქვს განთავსებული, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი