დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი, თუმცა ომის თავიდან აცილებას ვისურვებდით
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი, თუმცა ომის თავიდან აცილებას ვისურვებდით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც ჩანს, საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი, თუმცა ტრამპის თქმით, მას ომის თავიდან აცილება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, დგას თუ არა თავდასხმის უკან ირანი, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა – „როგორც ჩანს, ეს ასეა“.

„ჩვენ დაზუსტებით გაცნობებთ. ეს ამ წუთებში მოწმდება“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ი არ განიხილავს საპასუხო ზომებს, ვიდრე საბოლოო მტკიცებულებას არ მიიღებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი უფრო მეტად არის მომზადებული კონფლიქტისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ამის თავიდან აცილებას ვისურვებდით. მე არ მსურს ომი ვინმესთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.