დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები, დიდი დღეა გერმანიისა და აშშ-ისთვის, ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები, დიდი დღეა გერმანიისა და აშშ-ისთვის, ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის არჩევნებს ეხმაურება.

„როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად მოსალოდნელი არჩევნები. ამერიკის მსგავსად, გერმანიის ხალხი დაიღალა უაზრო დღის წესრიგით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდა. ეს არის დიდი დღე გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!!!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.