დონალდ ტრამპი - პუტინისთვის ალასკაზე ჩამოსვლა იოლი არ ყოფილა და ეს არის განაცხადი, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება სურს
დონალდ ტრამპი - პუტინისთვის ალასკაზე ჩამოსვლა იოლი არ ყოფილა და ეს არის განაცხადი, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება სურს

უკრაინაში ომი ბევრი მიზეზის გამო მოხდა. ეს მოხდა ავღანეთის გამო, როდესაც პუტინმა დაინახა, როგორი არაკომპეტენეტური იყო ბაიდენი და მისი გუნდი, ჩემი აზრით, პუტინმა გაიფიქრა, რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა, რადგანც მას უკრაინაზე მუდამ ეჭირა თვალი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველა საუბარი, რომელიც მაქვს პუტინთან, კარგი საუბრია. თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ ბომბები ხვდება კიევს ან სხვა ადგილებს და მე ძალიან ვბრაზდები. მე ვფიქრობ, რომ ომს დავასრულებთ. მე ვფიქრობდი, რომ იმ შვიდი ომიდან, რომლებიც მოვაგვარე, რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე იოლი მოსაგვარებელი იქნებოდა. მაგრამ ეს ომია, არასდროს იცი, რა მოხდება. უცნაური რაღაცები ხდება ომის დროს. ის ფაქტი, რომ პუტინი ჩამოვიდა ალასკაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩემი აზრით, იყო დიდი განაცხადი, რომ პუტინს ამის მოგვარდება უნდა. პუტინისთვის იოლი არ იყო ალასკაზე ჩამოსვლა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის აქ ჩამოვიდა, ბევრ რამეზე მეტყველებს და ეს იყო ძალიან წარმატებული დღე ბევრი სხვა რამის გამოც. ჩვენ ვისაუბრეთ რაკეტებზეც, ბირთვულ რაკეტებზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე. ამაში ჩავრთეთ ჩინეთიც. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი, რუსეთს აქვს სიდიდით მეორე ბირთვული არსენალი და ჩინეთს – სიდიდით მესამე. ჩინეთი ახლა მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება, თუმცა ის დაგვეწევა ხუთ წელიწადში. ჩვენ გვინდა დენუკლეარიზაცია. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ეს ამის ნაწილია, მაგრამ ჯერ ომი უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რატომ არ სურს პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინს არ მოსწონს ზელენსკი.

„მეც მყავს ადამიანები, რომლებიც არ მომწონს. მათთან შეხვედრა არ მსურს, მაგრამ ხანდახან საჭიროა ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც არ მომწონს. ზელენსკისა და პუტინს ერთმანეთი არ მოსწონთ. აშშ-ს რომ ჰყოლოდა რეალური პრეზიდენტი და არა თაღლითური არჩევნებით მოსული პრეზიდენტი, მაშინ ეს ომი არ იქნებოდა. პუტინმაც თქვა, ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არ იქნებოდაო. ეს ომი ბევრი მიზეზის გამო მოხდა. ეს მოხდა ავღანეთის გამო, როდესაც პუტინმა დაინახა, როგორი არაკომპეტენეტური იყო ბაიდენი და მისი გუნდი. ჩემი აზრით, პუტინმა გაიფიქრა, რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა, რადგანც მას უკრაინაზე მუდამ ეჭირა თვალი. ეს არ მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი“, – განაცხადა ტრამპმა.