დონალდ ტრამპი - პირადად შევხვდები „თალიბანის“ ლიდერებს არც ისე შორეულ მომავალში
დონალდ ტრამპი - პირადად შევხვდები „თალიბანის“ ლიდერებს არც ისე შორეულ მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერებთან პირადად შეხვედრას გეგმავს. როგორც თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, ეს შეხვედრა „არც ისე შორეულ მომავალში“ შედგება.

„მე პირადად შევხვდები „თალიბანის“ ლიდერებს არც ისე შორეულ მომავალში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ მზად იქნება, დააბრუნოს ჯარები ავღანეთში, თუ თალიბებთან მიღწეული შეთანხმება არ განხორციელდება.

„მჯერა, რომ „თალიბანს“ სურს, რამე მოიმოქმედოს იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს. ცუდი მოვლენები თუ განვითარდება, ჩვენ დავბრუნდებით. ძალიან სწრაფად დავაბრუნებთ ჩვენს ჯარებს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ დაგვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან აშშ-სა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და ავღანელ ხალხს მიულოცა.

„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.