დონალდ ტრამპი - მოსწონთ იმის თქმა, რომ რუსეთის მეგობარი ვარ, მე ვარ ის, ვინც მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეაჩერა
მე შევაჩერე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ბაიდენმა თითქმის პირველივე კვირაში დაამტკიცა ის, მშენებლობის უფლება მისცა, შემდეგ კი ამბობენ, რომ მე არ ვიყავი მკაცრი რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ მოსწონთ იმის თქმა, რომ მე რუსეთის მეგობარი ვარ. მე არავისთან ვმეგობრობ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს მიმართა: „მე შენთან ვმეგობრობ. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის, კაცობრიობისთვის სწორი რამ მოხდეს. მე ვარ ის, ვინც მილსადენი შეაჩერა, მას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ჰქვია. ვიდრე მე არ გამოვჩნდებოდი, არავის არასდროს სმენოდა, ამ ოთახში არცერთ ადამიანს არ სმენია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ“.
ტრამპის ამ განცხადებას მერცმა ასევე რეპლიკით უპასუხა: „თქვენ იცოდით, რომ ეს შეცდომა იყო“.
დონალდ ტრამპმა პასუხად აღნიშნა, რომ სწორედ მან შეაჩერა ეს მილსადენის პროექტი.
„მაგრამ მე შევაჩერე ეს. დიახ, ეს შეცდომა იყო. მე ანგელა მერკელს ვუჭერდი მხარს. ვამბობდი, ერთი წუთით მოიცადეთ, ჩვენ ვხარჯავთ ამ ფულს თქვენს დასაცავად რუსეთისგან და შემდეგ თქვენ რუსეთს ყოველთვიურად მილიარდობით დოლარს აძლევთ, რა სახის გარიგებაა ეს? მე ვარ ის, ვინც ეს შეაჩერა. ეს იყო უზარმაზარი, ყველაზე დიდი მილსადენი მსოფლიოში. უნდა გაევლო მთელი ევროპა, არამხოლოდ გერმანია. არავის არასდროს სმენია, არცერთ თქვენგანს არ სმენია ამის შესახებ და მე შევაჩერე. შემდეგ კი ამბობენ, რომ მე პუტინის მეგობარი ვარ. მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის პატივს მცემდა. მეც პატივს ვცემდი, თუმცა მე შევაჩერე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. ბაიდენმა თითქმის პირველივე კვირაში დაამტკიცა ის, მან მშენებლობის უფლება მისცა. შემდეგ კი ამბობენ, რომ მე არ ვიყავი მკაცრი რუსეთის მიმართ. პუტინმა მითხრა, იცით, თქვენ ხართ მკაცრი რუსეთის მიმართ, შეწყვიტეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია, თქვენ შეაჩერეთ იგი“, – აღნიშნა ტრამპმა.