დონალდ ტრამპი - მიწის გარკვეული ნაწილი უკვე აღებულია, ნაწილი შეიძლება, იყოს საკამათო, უმჯობესია, ახლავე დადონ გარიგება, რუსეთს სურს დასრულება, უკრაინასაც სურს, ვფიქრობ, დროა, დასრულდეს
დონალდ ტრამპი - მიწის გარკვეული ნაწილი უკვე აღებულია, ნაწილი შეიძლება, იყოს საკამათო, უმჯობესია, ახლავე დადონ გარიგება, რუსეთს სურს დასრულება, უკრაინასაც სურს, ვფიქრობ, დროა, დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გადაუჭრელ საკითხებს შორის ტერიტორიული დათმობები დაასახელა.

„მიწის გარკვეული ნაწილი უკვე აღებულია, ნაწილი კი შეიძლება, იყოს საკამათო. შესაძლოა, ის აიღონ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. უმჯობესია, ახლავე დადონ გარიგება. რუსეთს სურს ამის დასრულება და უკრაინასაც სურს. ვფიქრობ, დროა, დასრულდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს არაფერი მომხდარა, რადგან ის ვლადიმერ პუტინთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მომდევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მხარეები ომამდე მიიყვანა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი პირადი ურთიერთობის მიუხედავად, პოლიტიკური ბრალდებების გამო, ვაჭრობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რამაც ორივე მხარე დააზარალა.

„თქვენ იცით, ბევრი წარმატება შეიძლებოდა, მიღწეულიყო რუსეთთან ვაჭრობით. მათ აქვთ შესანიშნავი მიწა, შესანიშნავი მინერალები და სხვა. ასევე, ჩვენ გვაქვს რაღაცები, რაც მათ ძალიან სურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, იგეგმება თუ არა ხვალ სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ხვალ – თუ დაემატება რამე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროება არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზეც.

„ალბათ მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი გეგმა პარლამენტის მიერ ან ხალხის რეფერენდუმით. ვფიქრობ, რომ მათ ეს სურთ. ვიცი, რომ გამოკითხვა ჰქონდათ და 91 პროცენტი მომხრეა ამ ომის დასრულების, ასე რომ, მათ სურთ ამის დასრულება, როგორც ყველას სურს. რუსეთს სურს დასრულება, ყველას სურს დასრულება, ჩვენც გვსურს. არ მინდა, ვიხილო ბევრი ადამიანის სიკვდილი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს ვლადიმერ პუტინის პოზიციასთან დაკავშირებით, თანახმაა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩასატარებლად.

„არა, ცეცხლის შეწყვეტაზე არა. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. პუტინი თვლის, რომ ახლა ისინი იბრძვიან და თუ ბრძოლა დროებით შეჩერდება, შემდეგ კი შეთანხმება ვერ მოხერხდება და ომი კვლავ განახლდება, მაშინ რუსეთი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. პუტინს არ სურს ასეთ პოზიციაში ყოფნა. მე მესმის ეს პოზიცია. მე მესმის პრეზიდენტ პუტინის ამ თვალსაზრისით. თქვენ უნდა გესმოდეთ მეორე მხარე. მე ვარ მშვიდობის მხარეს, ვარ ომის შეჩერების მხარეს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება“, – დასძინა ტრამპმა.