დონალდ ტრამპი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე - ხულიგნები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი უპატივცემულობას იჩენენ და ამას არ დავუშვებ
დონალდ ტრამპი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე - ხულიგნები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი უპატივცემულობას იჩენენ და ამას არ დავუშვებ

ეს ხულიგნები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი უპატივცემულობას იჩენენ და ამას არ დავუშვებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ქალაქ მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ შემიძლია, უკან ვიდგე და ვუყურო, რაც ხდება დიდებულ ამერიკულ ქალაქ, მინეაპოლისში. ხელმძღვანელობის ტოტალური ნაკლებობა. ძალიან სუსტი რადიკალი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი ან იმოქმედებს და ქალაქს კონტროლს დაუქვემდებარებს, ან მე ეროვნულ გვარდიას გავგზავნი და საქმეს გავაკეთებ.

ეს ხულიგნები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ და მე ამას არ დავუშვებ. ვესაუბრე გუბერნატორ, ტიმ ვოლცს და ვუთხარი, რომ სამხედროები მის გვერდით არიან. ნებისმიერი სირთულე და ჩვენ ავიღებთ კონტროლს, მაგრამ როდესაც ძარცვა იწყება, სროლაც იწყება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მინესოტას შტატის ქალაქში საპროტესტო აქციები აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. მამაკაცს პოლიცია აკავებდა და ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი ოფიცერი მიწაზე მყოფ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციის ოფიცერს უთხრა, რომ სუნთქვა უჭირდა. მოგვიანებით, მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ქუჩებში გამოვიდა და აქცია ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ძარცვა და კერძო საკუთრების დარბევა დაიწყეს. მინეოპოლისში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს.