დონალდ ტრამპი - მგონი, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, ახლა უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ზელენსკისთან, იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნებოდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან მიაღწია შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ახლა კი შეთანხმებას უნდა მიაღწიონ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ლიდერთან თანამშრომლობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა.
„ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. არადა, ბევრი ამბობდა, რომ რუსეთს სურდა ყველაფრის მიღება. მგონი, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან. ახლა უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ზელენსკისთან. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნებოდა. ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ ეს კარგია, ყველაფერი რიგზეა. ეს ომი არასდროს იქნებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეგიძლიათ, მენდოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეხვდებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს საუდის არაბეთში, რაზეც უპასუხა, რომ არა, მაგრამ ახლო მომავალში შეხვედრა გაიმართება. ხოლო კითხვაზე წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-მა წარუდგინა უკრაინას და რომელიც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ეხებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას არ ჰყავს ფავორიტები უკრაინასა და რუსეთს შორის და მას უბრალოდ სურს ომის დასრულება.
მანამდე, თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების ტემპით და ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს.