დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მეორე სამიტის გასამართად ვიეტნამის დედაქალაქში ჩავიდა. აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი 27-28 თებერვალს ჩატარდება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ოფიციალური პროგრამა 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტი ვიეტნამელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპი ვიეტნამის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას. ასევე იგეგმება სამუშაო სადილი.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამიტი 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებებს ერთი ერთზე ფორმატში გამართავენ, ვახშმის შემდეგ კი, მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, მიკ მალვენი და ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, კიმ იონ ჩოლი შეუერთდებიან.