დონალდ ტრამპი – კანადაში დაფუძნებულ კომპანია Bombardier-ს აშშ-ში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება, თუ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადაში დაფუძნებულ, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Bombardier-ს შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება.
აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მხოლოდ იმ შეთხვევაში მოხდება, თუ კომპანია თვითმფრინავების წარმოებას შეერთებულ შტატებში დაიწყებს.
ამასთან, ტრამპის თქმით, კანადა შტატებს უსამართლოდ ექცევა, რადგან Bombardier-ის მსგავს ამერიკელ კომპანიას, Gulfstream Aerospace-ს კანადაში ოპერირების უფლება არ აქვს.
„შეერთებულ შტატებში Bombardier-ის გაყიდვა აღარ მოხდება! მათი პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის! მათი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტი შეერთებული შტატებიდან მოდის. ისინი ამერიკელი მყიდველების, ამერიკული კომპანიების, ამერიკული აეროპორტებისა და ამერიკული სერვისის ხარჯზე ცხოვრობენ და ეს ყველაფერი მაშინ, როცა კანადა ბლოკავს ჩვენს დიდ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს. მათ Gulfstream Aerospace-საც კი დაუბლოკეს ბიზნესის კეთება კანადაში. ეს სრულიად უსამართლო და უკანონოა! ეს ერა დასრულდა! თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები და შეწყვიტონ ამერიკის „ყულაბად“ გამოყენება. იყიდეთ ამერიკული. იფრინეთ ამერიკული თვითმფრინავებით. ისიამოვნეთ ამერიკული სასმელებით. იმოგზაურეთ ამერიკის ტბაზე. ამერიკა პირველ რიგში!“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ Bombardier Global Express-ის ბიზნეს თვითმფრინავების სერტიფიცირებას გააუქმებდა და კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავზე 50-პროცენტიან იმპორტის ტარიფებს დააწესებდა.