დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენს ამერიკელების სარდაფში გამოკეტვა სურს
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენს ამერიკელების სარდაფში გამოკეტვა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის კონკურენტს, დემოკრატ ჯო ბაიდენს ამერიკელების რამდენიმე თვით სარდაფში გამოკეტვა სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მინესოტაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის მხარდამჭერებს შეხვდა.

„ჯო ბაიდენს ამერიკელების რამდენიმე თვით სარდაფში გამოკეტვა სურს, რაც განუზომელ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ოჯახებს, ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ჩემი ადმინისტრაცია კი საპირისპიროდ მოქმედებს. ის მონაცემებს და მეცნიერულ დასკვნებს მიჰყვება. ჩვენ ვიცავთ მათ, ვისაც ყველზე დიდი საფრთხე ემუქრება, ჩვენს უფროს თაობას. ისინი უნდა შევიფაროთ და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ, რათა გადავარჩინოთ ათასობით ადამიანი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ჯო ბაიდენს მემარცხენე ფრთის პოლიტიკოსი უწოდა და განაცხადა, რომ ბაიდენი სოციალისტების ტროას ცხენია.

„მემარცხენე პოლიტიკოსები, ისეთები, როგორიც ჯო ბაიდენია, საუბრობდნენ ამერიკელი მუშახელის მხარდაჭერაზე. შემდეგ კი, როდესაც ისინი აირჩიეს, ჩვენი სამუშაო ადგილები სხვებს მისცეს, თქვენი ქარხნები სხვაგან გადაიტანეს, გაყიდეს თქვენი ოცნებები, თქვენი ლამაზი ამერიკული ოცნებები. მაგრამ ეს დღეები უკან მოვიტოვეთ. ახლა გყავთ პრეზიდენტი, რომელიც თქვენთვის იბრძვის“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ეს განცხადებები წინ უსწრებს დემოკრატიული პარტიის ყრილობას, რომელიც დღეს მილუოკიში იწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ყრილობაზე ჯო ბაიდენი ოფიციალურად უნდა წარადგინონ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, თავად ბაიდენი ყრილობას არ დაესწრება. ის ვირტუალურად, მშობლიური შტატიდან ჩაერთვება ღონისძიებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.