დონალდ ტრამპი ივნისში ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით გეგმავს ჩასვლას
დონალდ ტრამპი ივნისში ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით გეგმავს ჩასვლას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ბუკინგემის სასახლეს ეწვევა.

ამავე დროს, „ბიბისის“ (BBC) ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა უახლოესი 48 საათის განმავლობაში გახდეს ცნობილი.

აპრილის დასაწყისში გამოცემა „სანდეი თაიმსი“ (The Sunday Times) იტყობინებოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავდა. გამოცემა წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას შორის ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში გასული წლის ივნისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.