დონალდ ტრამპი – ირანთან ომი შესაძლოა, მალე დასრულდეს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს აშშ ინარჩუნებს

01:19, 07.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა, მალე დასრულდეს და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, თეირანი ომის გაგრძელებას დიდხანს ვეღარ შეძლებს.

„როდესაც დავიწყე ძალიან მნიშვნელოვანი ექსკურსია ირანში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსკურსია იყო, რადგან მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო შეიძლება, აფეთქებულიყო. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი – მთელი მსოფლიო აღმოჩნდებოდა კატასტროფის წინაშე. სხვა არჩევანი არ გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ომის დასრულების შემთხვევაში, ნავთობისა და საწვავის ფასები კვლავ შემცირდება.

„ბევრ ადგილას, მაგალითად აიოვაში, ნავთობის ფასი ორ დოლარზე დაბლა იყო. ბენზინის ფასი კი ისეთ დონეზე ჩამოვიდა, რომელიც ხალხს წლების განმავლობაში არ უნახავს – 1.85 დოლარი, 1.95 დოლარი გალონზე. ვფიქრობ, ამ დღეებს ძალიან მალე დავუბრუნდებით, იმის მიხედვით, რასაც ვხედავ, როგორც კი ომი დასრულდება. და ვფიქრობ, ის მალე დასრულდება. არ მგონია, რომ მათ დიდხანს გაგრძელება შეეძლოთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიღწეულია თუ არა შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა, რომ სრუტეზე კონტროლი აშშ-ს აქვს, თუმცა საფრთხეები კვლავ არსებობს.

მისივე თქმით, ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, შეთანხმება მალე შედგეს.

„მე ჩართული ვარ მოლაპარაკებებში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ეს შეიძლება, მალე მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი