დონალდ ტრამპი - ირანმა არ იცოდა დაკარგული სამხედროს შესახებ, ვიდრე ეს ინფორმაცია არ გავრცელდა, მივალთ იმ მედიასთან, რომელმაც ეს გამოაქვეყნა, ვეტყვით, გაამხელთ წყაროს ან ციხეში წახვალთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ძალიან ინტენსიურად ეძებს პირს, რომელმაც ირანში დაკარგული სამხედროების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა არ იცოდა მეორე სამხედროს დაკარგვის შესახებ, ვიდრე ინფორმაცია არ გავრცელდა.
მისივე თქმით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამასთან ერთად, აფრთხილებს იმ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ამბავი გამოაქვეყნა, რომ თუ ინფორმაციის მიმწოდებელს არ დაასახელებს, მას დააკავებენ.
„ირანმა საერთოდ არ იცოდა, რომ კიდევ ვინმე იყო დაკარგული, ვიდრე ეს ინფორმაცია არ გავრცელდა. ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ, შევძლებთ მის პოვნას, რადგან მივალთ იმ მედიაკომპანიასთან, რომელმაც ეს გამოაქვეყნა და ვეტყვით: ეროვნული უსაფრთხოებაა – ან გაამხელთ, ან ციხეში წახვალთ. ინფორმაციის გამავრცელებელმა თქვა, რომ ერთი უკვე გადავარჩინეთ, მაგრამ კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომლის გამოყვანასაც ვცდილობდით. ამიტომ ირანმა გაავრცელა განცხადება, რომელიც თქვენ, ყველამ ნახეთ და გამოაცხადა დიდი ჯილდო ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პილოტს დააკავებდა. შედეგად, მტრულ, ძალიან ძლიერ და ბოროტ სამხედრო ძალასთან ერთად, გვყავდა მილიონობით ადამიანი, ვინც ამ ჯილდოს მიღებას ცდილობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ეს ადამიანი, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, რადგან ეს ავადმყოფური საქციელია. ალბათ თვითონაც ვერ აცნობიერებდა, ამას რამდენად ცუდი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. არ მგონია, რომ ეს სრულად ესმოდა. მაგრამ ჩვენ ამას გავარკვევთ — ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. და ის ადამიანი, ვინც ეს მასალა გამოაქვეყნა, ციხეში წავა, თუ არ იტყვის, ვინ იყო წყარო. მათ ეს მისია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენეს. საფრთხეში ჩააგდეს ის ადამიანი და ასევე ასობით ადამიანი, ვინც მის საძებნელად შევიდა, რადგან ახლა უკვე ყველამ იცოდა, რომ ჩვენ იქ შევდიოდით“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკეტებია, თუ რომელ მედიას გულისხმობდა.