დონალდ ტრამპი - ირანის რეჟიმმა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე უარი უნდა თქვას
დონალდ ტრამპი - ირანის რეჟიმმა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე უარი უნდა თქვას

ირანის რეჟიმმა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე უარი უნდა თქვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესისადმი ყოველწლიური ტრადიციული მიმართვის დროს განაცხადა.

„ირანის რეჟიმმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე. შეწყვიტოს ტერორის, სიკვდილისა და ნგრევის გავრცელება. ასევე, უნდა დაიწყოს მუშაობა საკუთარი ხალხის კეთილდღეობისათვის. აშშ-ის ხისტი სანქციების გამო, ირანის ეკონომიკა სერიოზულად შესუსტდა. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მდგომარეობის გამოსწორებაში ძალიან მოკლე პერიოდში, მაგრამ შესაძლოა, ისინი ძალიან ამაყები ან სულელები არიან, რათა ეს გვთხოვონ. ჩვენ აქ ვართ. ვნახოთ, რა გზას აირჩევენ. ეს სრულად მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე.

„სოლეიმანი იყო ირანის რეჟიმის ყველაზე სასტიკი ყასაბი. ის იყო მონსტრი, რომელმაც ერაყში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა და დაჭრა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს ტერორისტებისადმი – თქვენ ვერასდროს გაექცევით აშშ-ის მართლმსაჯულებას. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, მაშინ სიცოცხლეს დაემშვიდობებით“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი კონგრესში ტრადიციული მიმართვით 5 თებერვალს წარდგა.