დონალდ ტრამპი – ირანის ომი კრიტიკულ მომენტს უახლოვდება, დიდი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, მინდა, შევიდე და გავანადგურო ირანის რეჟიმი თუ არა
ირანის ომი კრიტიკულ მომენტს უახლოვდება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, მალე გადაწყვეტს, კვლავ მიიტანს თუ არა ირანზე იერიშს.
„მე დიდი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მინდა, შევიდე და გავანადგურო ირანის რეჟიმი თუ არა? ეს დიდი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა.
„აქსიოსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მსგავსი მუქარა ადრეც გააკეთა, მისი კომენტარები წინ უსწრებს სამშაბათს სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის ლიდერებთან ტრამპის შეხვედრას.
გამოცემა წერს, რომ შეხვედრამ შეიძლება, განსაზღვროს ომის შემდეგი ფაზა, მათ შორის დიპლომატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა თუ სამხედრო მოქმედებების გააქტიურება, რადგან თუ ტრამპს სურს მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციების განახლება, მას დასჭირდება რეგიონალური მოკავშირეების მხარდაჭერა.
ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს, გამოიყენოს გაერო-ში დაგეგმილი შეხვედრა, რათა პირდაპირ მოისმინოს რეგიონული მოკავშირეებისგან ომის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, ირანზე იერიშის გადაწყვეტილებას შუალედური არჩევნების წინ მიიღებს თუ მის შემდეგ.
ამასთან, ტრამპმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ ის ძალიან კმაყოფილია, რომ საზღვაო ბლოკადა ირანს ნავთობის ექსპორტის საშუალებას არ აძლევს.
„მას შემდეგ, რაც დავიწყეთ, ირანში არცერთი გემი არ გასულა. მათ სცადეს და ჩვენ ავაფეთქეთ ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.