დონალდ ტრამპი – ირანი სამხედროებს ხელფასებს ვერ უხდის, სერიოზულ პრობლემებში არიან, ჰორმუზის სრუტე ღიაა, მასზე კონტროლი გვაქვს, ჯერჯერობით, ვფიქრობ, რუსეთი კარგად იქცევა სრუტესთან დაკავშირებით

22:27, 27.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ირანი სანქციებისა და ამერიკული ზეწოლის ფონზე საკუთარი სამხედროებისთვის ხელფასების გადახდასაც კი ვერ ახერხებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა თეთრ სახლში შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მომავალ კვირას ირანის პრეზიდენტს ბირთვულ შეთანხმებაზე სასაუბროდ შეხვდეს, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„არა. ირანი ახლა თავის სამხედროებს ხელფასებს ვერ უხდის. ისინი სერიოზულ პრობლემებში არიან. მათ ძალიან მცირე შესაძლებლობები აქვთ. გასულ ღამეს ჩვენ ჰორმუზის სრუტეში 24 ნავი გავატარეთ. ჩვენ მათ მუდმივად გავატარებთ. ამას ძალიან ღიად ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. სრუტე ღიაა, როგორც იცით. ჩვენ მასზე კონტროლი გვაქვს და ბლოკადაც გვაქვს დაწესებული. ირანი ვერაფერს იღებს. არაფერი გადის. არც ერთ გემს არ გაუვლია“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, დასჯის თუ არა პუტინს ან რუსეთს, თუ ისინი ირანთან საქმიანობას გააგრძელებენ.

„ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რუსეთი საკმაოდ კარგად იქცევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ვიღაც ამბობდა ჩინეთზე – ჩინეთზე რას იტყვით? გვესმის, რომ ისინი ჯაშუშობენ. ჩვენც ვჯაშუშობთ მათზე. ასე ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აწესებს აშშ სანქციებს ჩინურ ბანკებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ არ არის ვალდებული, წინასწარ გაასაჯაროოს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა არ იცის, მუშაობს თუ არა აშშ ამ მიმართულებით.

„ვინ თქვა, რომ ამას არ ვაკეთებ? თქვენ თქვით, რატომ არ ვაკეთებ? ანუ, ვინ თქვა, რომ ამას არ ვაკეთებ? თქვენ არ იცით, ვაკეთებ თუ არა ამას. მე ხომ არ ვარ ვალდებული, ყველაფერი წინასწარ გავაცხადო?“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი