დონალდ ტრამპი ჰოლიფილდის ბრძოლის კომენტატორი იქნება #1TVSPORT
დონალდ ტრამპი ჰოლიფილდის ბრძოლის კომენტატორი იქნება #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომენტარს გაუკეთებს საკრივო ორთაბრძოლას, რომელშიც მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი შეხვდება UFC-ის ყოფილ ჩემპიონს მძიმე წონაში ვიტორ ბელფორტს. ამის შესახებ იტყობინება ტელეკომპანია FITE, რომელიც ამ ბრძოლის ტრანსლიაციას მოაწყობს.

„მიყვარს შესანიშნავი მებრძოლები და შესანიშნავი ბრძოლები. მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას შაბათს საღამოს და გაგიზიარებთ ჩემს აზრებს. თქვენ არ მოისურვებთ ამ განსაკუთრებული მოვლენის გამოტოვებას“, – განაცხადა ტრამპმა.

58 წლის ჰოლიფილდმა მოიგო 44 ბრძოლა (29 – ნოკაუტით), წააგო 10 და 2 ფრედ დასრულდა. 44 წლის ბელფორტს ММА-ში 26 მოგება (18  ნოკაუტით) და 14 წაგება აქვს. თავისი ერთადერთი საკრივო ორთაბრძოლა ბრაზილიელმა თანამემამულე ხოსემარიო ნევსთან 2006 წლის აპრილში ჩაატარა და პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

ბრძოლა 11 სექტემბერს გაიმართება.